Friday, June 11, 2010

ილია ჭავჭავაძე




  • ილიას წარმომავლობა,მშობლები
  • განათლება სამშობლოში და საზღვარგარეთ
  • სამშობლოში მოღვაწეობის პერიოდი
  • ილიას შემოქმედება
  • ილიას მოღვაწეობა ეროვნულ მოძრაობაში
  • ილიას მკვლელობა




ილია ჭავჭავაძე დაიბადა 1837 წელს, 27 ოქტომბერს, კახეთში, სოფელ ყვარელში. მისი წინაპრები კახეთის მკვიდრნი ყოფილან, პოეტის სოფელ ყვარელი გადაჰყურებს, მდინარე ალაზანს, რომელიც წარმოადგენს საქართველოს მშვენებას.

ჭავჭავაძეთა გვარი საისტორიო წყაროებში მე-15 საუკუნიდან, კერძოდ, ალექსანდრე დიდის დროიდან მოიხსენიება, გადმოცემების მიხედვით, ილიას წინაპრები - ჭავჭავაძიანთა ერთი მთავარი შტო - ისტორიული კახეთის მთიულეთის (ერწო - თიანეთი ფშავ - ხევსურეთით) უნდა იყვნენ ჩამოსახლებულნი მე-16 საუკუნის დამდეგს, ლევან პირველის მეფობის დროს, სახელდობრ 1529 წელს კახეთის ბარში, ალაზნის გაღმა მხარეში, ყვარელშილდაში და სამშობლოსა და მეფის სამსახურში გამოჩენილი განსაკუთრებული გმირობისა და მამაცბისათვის კახეთის მეფე კონსტანტინე პირველს თავადობაც მათთვის აქ უბოძებიათ 1726 წელს.

კახეთის თავადი ჭავჭავაძეები იყვნენ ,,ორ გვარად” - წინანდლისა და ყვარლისა.

ილია ყვარელის ჭავჭავაძეების შთამომავალია. პოეტის პაპა პაატა ბესპაზის ძე ერეკლე მეორისა და საქართველოს უკანასკნელი მეფის - გიორგი მე-13-ის დროს გამოჩენილი პირი ყოფილა.

ერეკლე მეფის დროს პაატა, ჯერ კიდევ ახალგაზრდა, მოიხსენიება, როგორც მონაწილე ექსპედიციისა იმერეთში 1788 წელს, როდესაც ერეკლემ იმერეთის მეფედ დასვა თავისი შვილიშვილი სოლომონ მეორე.

1798 წელს, როდესაც გარდაიცვალა ღვაწლმოსილი პატარა კახი და როგორც ხალხური ლექსი ამბობს - ,,საქართველოს შეეხსნა რკინის კარები”, - პაატა იყო ერეკლეს დამტირებელთა შორის, ქართლ - კახეთის სხვა წარმომადგენლებთან ერთად, ჩამოუსვენებია ერეკლეს ცხედარი თელავიდან მცხეთაში, სადაც იგი მიაბარეს სამშობლოს მიწას საქართველოს ძველ დედაქალაქში.

პაატას ხუთი ვაჟი ჰყოლია: სვიმონი, გარსევანი, ალექსანდრე, გრიგოლი (მამა ილიასი) და იოსები. ამათგან გრიგოლის ძმები იოსების გარდა მტრის ტყვიით განგმირულან (იოსები მათ შორის საერთოდ არაა მოხსენებული). პოეტის მამა - გრიგოლი, ერთ ხანად სამხედრო სამსახურში ყოფილა ოფიცრად, მაგრამ ოსმალეთთან ომის დამთავრების შემდეგ იგი ბრუნდება საქართველოში და ირთავეს ქრისტეფორე ბებურიშვილის ქალს მარიამ (მაგდანე) ბებურიშვილს.

ილიას გამდელის სალომე ლოლიძის მოგონებით, ილიას დედა სახით ლამაზი დედაკაცი იყო. გრიგოლს და მარიამს სულ ექვსი შვილი ჰყოლიათ: ოთხი ვაჟი და ორი ასული.

ილიას დედა სრულიად ახალგაზრდა, 30 წლის ასაკში გარდაცვლილა. ილიას მამა გრიგოლმა ობლების აღზრდა მიანდო თავის დას მაკრინეს, რომელიც გათხოვილი იყო ივანე არაგვის ერისთავზე, რომელიც ამ დროს დაქვრივებული იყო.

ალ. ყიფშიძის გადმოცემით წერა - კითხვა ილიამ ოჯახში შეისწავლა, აგრეთვე განსაკუთრებული წვლილი შეუტანია წერა - კითხვის შესწავლაში სოფლის მთავარ დიაკონს, რომელიც სამი წელი ასწავლიდა თანასოფლელ გლეხის შვილებთან ერთად.

1845 წელს, 8 წლის ილია მშობლებმა მიაბარეს სოფლის საშინაო სკოლაში ადგილობრივ მთავართან, რომელიც ილიას თქმით იყო პატრიარქალური ხალხური სკოლა.

1848 წელს ილია მამამ სწავლის გასაგრძელებლად თბილისში წაიყვანა და მიაბარა იმ დროს განთქმულ რაევსკისა და ჰაკეს პანსიონში, სადაც 4 წელიწადს სწავლობდა, შემდეგ თბილისის გიმნაზიის მეოთხე კლასში მიიღეს. თბილისის გიმნაზიის რვა კლასის დამთავრების შემდეგ 1857 წელს, ილია ჭავჭავაძე რუსეთში მიემგზავრება, სადაც შედის პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის კამერალურ განყოფილებაზე, რომელიც იძლეოდა ეკონომიკურ - ფინანსური და ადმინისტრაციული დარგების ცოდნას. ილია გატაცებით დაეწაფა ახალს და გაბედულად შეუდგა ძველის, დრომოჭმულის კრიტიკას. 1861 წელს პეტერბურგის უნივერსიტეტში არეულობა დაიწყო. ჭავჭავაძე იძულებული შეიქმნა, მიეტოვებინა სწავლა და სამშობლოში დაბრუნებულიყო.

1863 წლის 21 აპრილს ილია დაქორწინდა, ცოლად შეირთო ოლღა თადეოზის ასული გურამიშვილი.

1864 წელს ილია სამსახურს იწყებს დასავლეთ საქართველოში (იმერეთში), ქუთაისის გენერალ გუბერნატორის ცალკე მინდობილობათა მოხელედ, ილიას დავალებული ჰქონდა, გაერკვია მემამულეთა და გლეხთა შორის ურთიერთობა. საგლეხო რეფორმასთან დაკავშირებით საქართველოში დაარსებული იყო თავად აზნაურთა კომიტეტი, ილიამ მოითხოვა გლეხთა განთავისუფლება მიწიანად, რამაც თავად-აზნაურთა გულისწყრომა გამოიწვია.

70-იანი წლების დასაწყისში ილიას რჩევით გადაწყდა საადგილმამულო ბანკის დაარსება, პეტერბურგში კი მისი დამტკიცება კი ილიას მიანდეს. 1874 წელს შეძლო მან წესდების დამტკიცება და საქართველოში დაბრუნება. 1874 წელს 5 სექტემბერს ილია თავმჯდომარედ აირჩიეს და თანამდებობაზე - ილია 1905 წლის ივნისამდე - 30 წელიწადზე მეტ ხანს მუშაობდა.

ლიტერატურული მუშაობისა და ბანკის ხელმძღვანელობის პარალელურად ილია მრავალმხრივ და მრავალფეროვან მოღვაწეობას ეწეოდა. 1877 წლის მარტში ილიამ დაარსა ყოველკვირეული ჟურნალი ,,ივერია”, რომელიც 2 წელს გამოდიოდა, შემდეგ გადაკეთდა ყოველთვიურ ჟურნალად, ხოლო 1886 წლიდან ,,ყოველდღიურ საპოლიტიკო და სალიტერატურო” გაზეთად.

1877 წელს ილია აირჩიეს საიმპერატორო სამეურნეო საზოგადოების ვიცეპრეზიდენტად, 1881 წლამდე მუშაობდა ქართული დრამატული საზოგადოების გამგეობის თავმჯდომარის არჩევით თანამდებობაზე, 1879 წლიდან უცვლელად მუშაობდა ,,ქართველთა შორის წერა კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების” გამგეობის თავმჯდომარის მოადგილედ, ხოლო დიმიტრი ყიფიანის წასვლის შემდეგ - 1885 წლიდან თავმჯდომარედ.

რა საქმისთვისაც არ უნდა მოეკიდა ხელი, ილია ჭავჭავაძე ყველგან და ყოველთვის მოწინავე თვალსაზრისს გამოხატავდა.

1884 წლიდან ილიაზე დაწესებული იყო მკაცრი ფარული საპოლიციო მეთვალყურეობა, რომელიც სიცოცხლის უკანასკნელ დღემდე არ შეწყვეტილა.

1905 წლის რევოლუციური აზვირთების დღეებში, როცა გურულების დასასჯელად გენერალ ალიხანოვ - ავარსკის რაზმები იგზავნებოდა ილიამ გაილაშქრა რეაქციის წინააღმდეგ.

1906 წლის 9 მარტს თბილისის გუბერნიის თავად - აზნაურთა საგანგებო კრებამ ილია აირჩია სახელწიფო საბჭოს ამომრჩევლად. მარტის ბოლოს ილია მიემგზავრება რუსეთში. 7 აპრილს მოწვეულ იქნა თავად - აზნაურთა კრება, რომელიც ილიას სახელმწიფო საბჭოს წევრად ირჩევს.

ილია ცდილობდა სახელმწიფო საბჭოს მუშაობაში დემოკრატიზმი შეეტანა, ხალხის ინტერესები დაეცვა. ილიას განზრახული ჰქონდა ფართო დასაბუთება მიეცა სიკვდილით დასჯის გაუქმებისთვის. მას უნდოდა განეხილა მრავალი საკითხი: ავტოკეფალიის, ავტონომიის აგრარული (მიწების მოწესრიგების) და სხვ.

ივლისის პირველ რიცხვებში ილია მეუღლითურთ საქართველოში დაბრუნდა.

არტურ ლაისტი, რომელიც 1907 წლის 21 აგვისტომდე საგურამოში ილიასთან ერთად იყო, წერს: ,,დაღონებული იყო, ემდუროდა სხეულის სისუსტეს... შევნიშნე ენერგიის სისუსტე და სიფიცხე, წინანდებურად არ ლაპარაკობდა, ღიმილი მის სახეზე არ შემიმჩნევია, სიცოცხლის უკანასკნელ დღეებში ილია სევდასა და მოწყენილობას შეუპყრია. პეტერბურგიდან ჩამოსვლის შემდეგ პოეტი თითქმის სულ საგურამოში იმყოფებოდა. 27 აგვისტოს საგურამოდან წამოსვლისას, დაუბარებია - დღესვე საღამოს დავბრუნდებიო. ამ დროს სოფელში დარჩენილა მოურავი ჯაში, რომელიც მკვლელობის გეგმას აზუსტებდა. იმ დღეს ჯაშმა ყველა ზომა მიიღო უკან დაბრუნებისას ილია მოეკლათ, მაგრამ სამშაბათს და ოთხშაბათს ილია არ დაბრუნებულა, მაგრამ მკვლელებმა შეიტყვეს, რომ ილია ხუთშაბათს, 30 აგვისტოს ბრუნდებოდა, ჯაშმა კი ყველა ზომა მიიღო მკვლელები ჩასაფრებულიყვნენ წიწამურის ტყეში, მზად დახვედროდნენ ეტლის გამოჩენას.

30 აგვისტოს, ხუთშაბათს დილის 10 საათზე ილია და მისი მეუღლე იმავე ეტლით, რომლითაც ლაისტთან ერთად სამი თვის წინ თბილისში ჩამოვიდნენ, საგურამოსკენ გაემგზავრნენ. დაახლოებით დღის პირველ საათზე ილია და მისი მეუღლე მიულან წიწამურის წყაროსთან, სადაც მოურავი ჯაში უნდა შეხვედროდათ. ჯაში კი განზრახ არ მისულა წყაროსთან, რომ მკვლელობაში უშუალოდ არ ჩარეულიყო. ილიას რამდენიმე წუთს მოუცდია, შემდეგ კი განაწყენებულს უბრძანებია თედო ლაბაურისთვის ეტლი დაეძრა. ლაბაური მოსყიდული იყო. იცოდა, რომ 15 - 20 წუთის შემდეგ ილიას მოჰკლავდნენ.

1907 წლის 30 აგვისტო - წიწამურის ტრაგედიის დღე - უდიდესი სამგლოვიარო თარიღია ქართველი ერისა, ამ დღეს წმინდა სისხლი დაიღვარა წიწამურში, არაგვთან, იმ არაგვთან რომელსაც ახალგაზრდობაში ეფერებოდა.

ილიას მკვლელობამ ქართველი ხალხი შეაძრწუნა. სამშობლო სულგანაბული უსმენდა თავისი გულის სამი დიდი მესაიდუმლისა და ილიას ერთგული თანამებრძოლების აკაკის, ვაჟას და იაკობ გოგებაშვილის სიტყვებს.

აკაკი მწარედ დასტიროდა ილიას ცხედარს... თუ საქართველოს სიკვდილი არ უწერია, ამასთან ერთად შენც უკვდავი იქნები და თუ სიკვდილი უწერია... მაშინ ნეტავი შენ!...

ილიას მკვლელებს, რომ შეეძლოთ საქართველოს მოკლავდნენ, თქვა ვაჟა ფშაველამ.

იაკობ გოგებაშვილი ილიას ტრაგიკულ აღსასრულს გამოეხმაურა ღრმა აღშფოთების გამომხატველი წერილით - ,,შურისძიება ისტორიისა”.

9 სექტემბერს ქართველმა ხალხმა ილიას ნეშტი, რომელსაც დაედინა ცრემლი მთელი საქართველოსი, მიაბარა მშობლიურ მიწას მთაწმინდაში.

1937 წლის 9 ნოემბერს ქართველმა ხალხმა იდღესასწაულა ილიას 100 წლოვანი იუბილე. 2007 წელა 170-ე წელი იზეიმეს.





View Untitled in a larger map


გამოყენებული ლიტერატურა:

1. გურამ შარაძე - ცხოვრება, მოღვაწეობა, შემოქმედება, თბ. 1987 წ.

2. გიორგი ჯიბლაძე - ილია ჭავჭავაძე, თბ. 1978 წ.

3. ელგუჯა მაღრაძე - მოძღვარი, თბ. 1978 წ.


ვებ-გვერდები: www.youtube.com, www.google.com, www.wikipedia.org



No comments:

Post a Comment